სიახლეები

 

ოთახის მცენარეები ყოველთვის უხდება ინტერიერს. მათ უნივერსალურ დეკორსაც უწოდებენ, რომლებიც არა მარტო გარეგნულად ამშვენებენ სივრცეს, არამედ სასარგებლო ჟანგბადითა და სურნელებითაც უზრუნველყოფენ. სამწუხაროდ, ბევრი დიასახლისი სახლის მცენარეებით გაფორმებაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ მათი მოვლის დრო და სურვილი არ გააჩნია. წარმოგიდგენთ 5 ოთახის მცენარეს, რომლებიც ძალიან მარტივად მოსავლელები არიან.

1) სუკულენტი

ამ დასახელებით გვხვდება თითქმის ყველა სქელფოთლიანი მცენარე, რომელსაც ფოთლებში სითხე აქვს. მისი სახეობებია ალოე, ფულის ხე... მათ კვირაში რამდენჯერმე მორწყვაც ყოფნით. ძალიან კარგად იტანენ მშრალ ჰაერს, არ სჭირდებათ სისტემატური მორწყვა და სინათლის გარეშეც კი ძლებენ.

2) ფიკუსი

გარდა იმისა, რომ კარგად იტანენ სიმშრალეს და უსინათლობას, შეუძლიათ მავნე ნივთიერებების - ფენოლისა და ბენზოლის გადამუშავება. ვისაც უძილობა და დეპრესია აწუხებს, მათ სახლში ფიკუსი უნდა იქონიონ. ნივთიერებები, რომლებსაც ეს მცენარე გამოყოფს, ამ პრობლემებს კარგად უმკლავდება.

3) კაქტუსი

სხვადასხვა ფორმისა და ზომის კაქტუსები სახლში მხოლოდ მრავალფეროვნებისთვის არ გვჭირდება. მათ რადიაციისა და სხვა მავნე გამოსხივების შთანთქმა შეუძლიათ. ამ გავრცელებული შეხედულების გამო ხალხი კაქტუსებს კომპიუტერებსა და ტელეეკრანებთან დგამს. ამ მცენარეს გრუნტი, მზის სინათლე და სულ ცოტა წყალი სჭირდება.

4) ქლოროფიტუმი

ეს მცენარე ძალიან კარგად არის ცნობილი. გადარჩენის საოცარი ინსტინქტი და განახლების უნარი აქვს. სულ ძირში რომ გადაჭრათ, ძალიან მალე წამოყოფს თავს და ძველ ზომასაც დაიბრუნებს.

5) სპატიფილუმი

მას "ქალური ბედნიერების" ყვავილსაც უწოდებენ და თითქმის ყველა ყვავილთა მოყვარულს აქვს თავის კოლექციაში. სპატიფილუმი ძალიან კარგად ასუფთავებს ჰაერს და შესანიშნავი სურნელიც აქვს. შეუძლია უსინათლობის ატანა, თუმცა ხშირი მორწყვა სჭირდება.