სიახლეები

საბავშვო ოთახი, მიუხედავად იმისა ბიჭის არის თუ გოგოსი, მოსწავლის თუ ახალშობილის, უნდა გამოირჩეოდეს თავისი უნიკალურობითა და მოხერხებულობით. მათ თავიანთი საკუთარი სივრცე სჭირდებათ დასაძინებლად, სათამაშოდ, სამეცადინოდ თუ შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.
ბავშვის ოთახი განსაკუთრებული და შეუცვლელი ადგილია თითოეული ბავშვისთვის. იქ სიმშვიდე, შემოქმედებითი გარემო და ჰარმონია უნდა სუფევდეს. ბავშვი თავის ოთახში თავს პატარა მბრძანებლად გრძნობს, ამ კედლებში თავის პირად სივრცეს ქმნის, პატარა სამყაროს...

 

 

ბევრი მშობელი ბავშვის დაბადებამდე ფიქრობს თუ როგორ მოაწყოს ან სად განათავსოს ბავშვის ოთახი, როგორი მასალა გამოიყენოს, რა ფერები შეარჩიოს, როგორი ავეჯი დადგას და სხვ. ამ ყველაფრის ზუსტად განსაზღვრა კი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური თუ გონებრივი განვითარებისთვის.

უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ოთახი უნდა იყოს:

ნათელი!

ბუნებრივი დღის განათების გარდა, უნდა იქნას გათვლილი დამატებითი შუქის წყაროც. ასეთებად შეიძლება გამოდგეს ბრა და ილუმინატორები, ნათურები და ჭერის განათებები. შეეცადეთ ბავშვის ოთახი სახლის მზიან მხარეს განათავსოთ, ბავშვისთვის აუცილებელია D ვიტამინი. მზის აბაზანა კი ნამდვილი საბადოა, განსაკუთრებით ახალდაბადებული ბავშვისთვის.

 


ბუნებრივი მასალა !

სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი და ნაკლებქიმიური, კედლები დაფარეთ ნესტსაწინააღმდეგო ხსნარით. ეცადეთ, რომ იატაკი ბუნებრივი ხის მასალით იყოს დამზადებული, რადგან ბავშვები მასზე დიდ დროს ატარებენ.
ეცადეთ ბავშვს სათამაშო კუთხე მოუწყოთ, გაუკეთოთ ხის სათავსო, რომელშიც თავის სათამაშოებს შეინახავს, შესაძლებელია სათავსოს ზედაპირი დაარბილოთ და ე.წ „პუფადაც" გამოიყენოთ.
კედელზე სურათების კუთხის მოწყობაც შეგიძლიათ, ეს ოთახს ბუნებრივ და ცოცხალ იერს შესძენს.

 

 

ფერები!

რაც შეეხება ფერებს, ის უნდა იყოს თბილი და არაგამაღიზიანებელი! თუ ერთ ტონზე მეტს ირჩევთ, ეცადეთ, ორი ტიპის შპალიერი კარგად იყოს კომბინირებული. შეგიძლიათ, თითოეული კედელი გაყოთ ზედა და ქვედა ნაწილად და სხვადასხვა ტონი გამოიყენოთ.

 

 

შემოქმედებითი ზონა!

ბავშვები გამუდმებით სწავლობენ რაღაცას: ადრე თუ გვიან ჩნდება პირველი ნახატი, ღია ბარათი და ა.შ. ეცადეთ, მისი შემოქმედებითი ნიჭი წაახალისოთ და ოთახში გამოუყავით ადგილი შემოქმედებისთვის. ამისთვის გამოყოფილ კუთხეში დაუკიდეთ ნახატები, დაალაგეთ თაროზე მისი პატარა შედევრები, ჩასვით ჩარჩოებში მისი საყვარელი სურათები.